საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების საერთაშორისო დღე სტუდენტებთან ერთად აღნიშნა
3 თებერვალი არჩევნების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე 200-მდე ახალგაზრდას შეხვდა და მათთან დემოკრატიის განვითარების პროცესში არჩევნების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინ შეხვედრა იმ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან გაიმართა, რომლებთანაც ცესკოს სწავლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს.
გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ახალგაზრდებს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი მიესალმა. ცესკოს თავმჯდომარე მათ დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წელს პირველად გამართულ არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ სტუდენტებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს ცესკო.
არჩევნების საერთაშორისო დღე ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ინიციატივით 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.