გიორგი ხელაშვილი – თეონა აქუბარდიას: როდესაც „ნაციონალური მოძრაობასავით“ იქცევით, სრულიად იმსახურებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოგიხსენიოთ
„თქვენი ტკივილი გასაგებია. არავის უნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირება, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობასავით“ იქცევით, სრულიად იმსახურებთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოგიხსენიოთ“, – ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა თეონა აქუბარდიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ყველა ოპოზიციური პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივება გააპროტესტა.
გიორგი ხელაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი საბაბებს იგონებს იმისთვის, რომ უკრაინის საკითხზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროს.
„თქვენ, საბაბების მოშველიებით, მხარს არ უჭერთ ამ რეზოლუციას ისევე, როგორც არ უჭერდით მხარს წინა რეზოლუციებს და კონსტიტუციას, რითაც ჩვენ კი არა, თქვენ თვითონ აიგივებთ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოგისამძიმროთ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ამჯერად, სხდომათა დარბაზში ყველა პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ბოიკოტი შეწყვიტა, თუმცა, მათ გეგმებში, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ისევ საპროტესტო აქციები რჩება.