გიორგი ხელაშვილი: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ რეზოლუციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობისთვის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პოზიციის დაფიქსირების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს და სადაც ასახულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა.

„რეზოლუციაში გამოხატულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რომლის შიგნითაც უკრაინის და, რაც მთავარია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა იქნება უფრო დაცული. რეზოლუციაში ხდება უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აღიარება და მხარდაჭერა. ასევე, ასახულია, რომ დაუშვებელი და მიუღებელია სამხედრო პოლიტიკური ინსტრუმენტებით ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლა”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

კომიტეტის სხდომა მწვავე დისკუსიის ფონზე წარიმართა, სადაც პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ, რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, რა შემთხვევაშიც ეს იქნებოდა არა მხოლოდ მმართველი გუნდის არამედ, ოპოზიციის მხარდაჭერით მიღებული დოკუმენტი.

„რეზოლუციაში ნებისმიერი შესწორების შეტანა პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი აზრით, არის უფრო საბაბი და არა მიზეზი, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროთ და გახადოთ შიდა მანიპულაციების საგანი. შეფასება არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება. ჩვენი მიზანია მივიღოთ რეზოლუცია, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი უნდა განეხილა, თუმცა, პროექტის ავტორებმა სხდომაზე, საკუთარი პროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მმართველ პარტიას ერთი, მრავალპარტიული რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდეს.

საბოლოოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები