სოზარ სუბარი – პარტია „საქართველოსთვის” წევრებზე: „ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია შეუძლებელია და დროზე დაანებონ ამ ალიანსს თავი, ნუ მოიჭრიან ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას

„ვიცი, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა, მივმართო ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და თანამებრძოლებს რეგიონებში, რომლებიც თავის დროზე მართლა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი ამ პარტიის მიერ, რომ დღეს ისინი, ნებით თუ უნებლიედ, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მხსნელის როლს ასრულებენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობას” ვერც ვერაფერი გაათეთრებს და გადაარჩენს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია”.

სოზარ სუბარი სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „თითქოს, ჩვენ მოგვეჩვენა, რომ გახარიას და სააკაშვილის პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი გააფორმეს, რუსთავში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და სხვა მუნიციპალიტეტებში. მოგვეჩვენა, თითქოს, ამ ორმა პარტიამ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ და ერთ-ერთ მოადგილედ გახარიას პარტიის წევრები აირჩია, პირველ მოადგილედ – „ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ისიც მოგვეჩვენა, თითქოს, რომ პოლიტიკური ქორწინების ამ ფაქტს გუშინვე მე-12 დაწესებულებიდან გულმხურვალედ მიესალმა პატიმარი სააკაშვილი. მოგვეჩვენა, რომ თითქოს, გუშინვე „ლელომ” და გიორგი გახარიას პარტიამ სამტრედიაში გააკეთეს განცხადება, რომ ქმნიან ერთობლივ ფრაქციას და, თითქოს, ეს ფაქტი არ არის პოლიტიკური ალიანსის მკაფიო ნიშანი.

ისიც მოგვჩვენებია, რომ 20 იანვარს გახარიასა და სააკაშვილის პარტიებს შორის გაფორმებული პოლიტიკურ ალიანსს სააკაშვილი მიესალმა და განაცხადა, „მივესალმები წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის, კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული”.

ანუ ამით გახარიას პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის” მერი გადაარჩინა. ამ ყველაფრის შემდეგ სალაპარაკო ბევრი არაფერი იქნებოდა, მაგრამ მაინც მინდა, წარსულში გაკეთებული სხვა ტიპის განცხადებები გავიხსენო: 2019 წლის 6 სექტემბერს ამავე დარბაზში პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” სახე არის ტყუილი და სიცრუე, რომ „ნაცმოძრაობა” არის ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და დარჩება ქუჩაში. ემუქრებოდა – „მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა”, ამბობდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი და როგორც მინიმუმ, ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. მანვე, ამავე პარლამენტში, 2020 წლის 20 ივნისს თქვა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ამის შემდეგ, ამ განცხადებების ავტორი 2021 წლის 21 თებერვალს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმისთვის, რომ სწორედ პარლამენტზე შტურმსა და პოლიციელებზე ორგანიზებული თავდასხმისთვის ბრალდებული ნიკანორ მელია დაეხსნა და კანონის აღსრულებისთვის ხელი შეეშალა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში, გიორგი გახარიამ კარგად იცოდა, რომ თბილისის არჩევნებში არა თუ მოგების შანსი არ ჰქონდა არამედ ერთნიშნა ნიშნულს ვერ ასცდებოდა, მაგრამ ერთადერთი მიზნად დადგა მერობის კანდიდატად, რომ ნიკანორ მელია როგორმე გადაეყვანა მეორე ტურში. ამიტომ, დღეს ლოგიკურია, რომ გახარია და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში შედის ყველგან, სადაც ამის შანსი მიეცემა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები