დავით სერგეენკო: მჯერა, დადგება ის დღე, როდესაც დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა, მანამდე თითოეული სიცოცხლე ძვირფასია და ყველას გთხოვთ, დაუჯერეთ პროფესიონალებს
„რეალურად, პანდემია ომია და ამ ომში უკვე ყველა დაიღალა. დაიღალა შეზღუდვებით, ნიღბის ტარებით, დაიღალა განუწყვეტელი ბრძოლით სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა, მე მართლაც გულწრფელად მჯერა, რომ შორს აღარ არის ის დღე, ძალიან მალე დადგება, როდესაც ყველა გავიმარჯვებთ ამ დაავადებაზე და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. შევძლებთ ქვეყნის ისევ ფეხზე დაყენებას, თუმცა, იქამდე თითოეული სიცოცხლე ძვირფასია და ყველას გთხოვთ, რომ დაუჯერეთ პროფესიონალებს და არა საკუთარ პოლიტიკურ, კარიერულ და პირად მოსაზრებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიოს განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება და ამ ახალმა რეალობამ ბევრი რამ დაგვანახა.
„ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც ძალიან თამამად მსჯელობენ პანდემიის მართვის შუქ-ჩრდილებზე, დაავადების კლინიკურ მართვაზე, ვაქცინაციის ავკარგიანობაზე, თუმცა ამ საქმეში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ. ის ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრება ეპიდემიოლოგიას და კლინიკურ მედიცინას მიუძღვნა, ბევრად უფრო ფრთხილები არიან. ხოლო ადამიანები, ვისაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ, პირიქით, ძალიან რადიკალურები არიან. საბედნიეროდ, მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვნახეთ ადამიანები, რომლებმაც ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მართლაც თავდადებულად იბრძვიან თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და ისინი ახლაც, ამ წუთებშიც ამას აკეთებენ. ისინი ნამდვილი გმირები არიან და დიდი პატივისცემა მსურს გამოვხატო თითოეული მათგანისადმი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, პანდემიის დასრულებამდე კი ყოველი დღე შეიძლება საფრთხის მატარებელი იყოს და ყოველ ჩვენგანს შეუძლია, რომ ყოველდღე თავისი პირადი მაგალითით და არა იმაზე მსჯელობით, რაზეც შეხება არ ჰქონია არასოდეს ცხოვრებაში, თუნდაც ერთი ადამიანი დაარწმუნოს იმაში, რომ პროფესიონალების რჩევის დაცვა არის მისი და მის ირგვლივ მყოფების სიცოცხლის გადარჩენა.