შალვა კერესელიძე: მივმართავ საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს მთავრობას, დაინტერესდნენ დაბა სტეფანწმინდის და გერგეთის წყალმომარაგების პრობლემით
„დაახლოებით, 8 წელია, დაბა სტეფანწმინდასა და გერგეთში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების პროცესის გადავადება ხდება. მივმართავ საქართველოს პრემიერმინისტრს და საქართველოს მთავრობას დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2019 -2020 წელს მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო აღნიშნულ სამუშაოებზე პროექტირება, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა გაურკვეველი ვადით ამ პროცესის გადავადება. „საუკეთესო შემთხვევაში, 2025 წლამდე, დაბა სტეფანწმინდას და გერგეთს, სადაც ორი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ზამთარსა და ზაფხულში, მოუწევს წყლის გარეშე ყოფნა, რაც კიდევ უფრო ართულებს ყოფით პირობებს”, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.