დავით კირკიტაძე -„ღრმად ვარ დარწმუნებული, უფრო ჰუმანურები გავხდებით და უფრო მეტად მივაქცევთ ჩვენ გაჭირვებულ მოსახლეობას ყურადღებას”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, დავით კირკიტაძემ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა.
„ქვეყანა შეძრა შანიძეების ტრაგედიამ. სამი არასრულწლოვანი ბავშვი და მშობლები დაიღუპა, ბუნებრივია, ამ დიდმა ტრაგედიამ არცერთი გულგრილი არ დაგვტოვა ქვეყანაში, ჩვენ ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, გამოვხატეთ სამძიმარი.
თუმცა, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს და აღარ მოგვიწიოს სამძიმრის გამოხატვა, მე მინდა, ერთი კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ. რუსთავში, მე-16 მიკრო რაიონში ცხოვრობს ქალბატონი დალი კორაშვილი, თვითონ შშმ პირი, შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, მას ჩაუჭრეს გაზი, ხომ შეიძლება, მთელი რიგი ქვეყნების პრაქტიკა გავითვალისწინოთ და იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამა თუ იმ რეგიონს და ქალაქს ზამთრის პერიოდში, როცა ადამიანების სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, ეს ქმედება აუკრძალოთ.
უნდა ვიფიქროთ ამაზე და ქვეყანა არ უნდა გადაიქცეს ტრაგედიების პოლიგონად, არ უნდა გვიწევდეს ამაზე საუბარი, მე მესმის რა რთულია გაუმკლავდე ყველა სოციალურ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში ასე უხვად დაგროვდა, თუმცა არსებობს ამ პრობლემებიდან გამოსავლის გზები”. მისი თქმით, ეს ქალბატონი არ არის რეგისტრირებული ქალაქ რუსთავში და მუნიციპალიტეტი შეზღუდულია რაიმე სახის დახმარება აღმოუჩინოს მას.
„ასეთი ადამიანები რჩებიან ყურადღების მიღმა და შემდეგ დგება ის შედეგი, რაც სამწუხაროდ შანიძეების ოჯახში დადგა, ღრმად ვარ დარწმუნებული, უფრო ჰუმანურები გავხდებით და უფრო მეტად მივაქცევთ ჩვენ გაჭირვებულ მოსახლეობას ყურადღებას”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ. დავით კირკიტაძემ ასევე ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.