რატი იონათამიშვილი – ოპოზიციას: თქვენ რომ ეს მართლა გადარდებდეთ, მონაწილეობას მიიღებდით საქართველოს პარლამენტში შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით განვიხილვებში
„არის საკითხები, რომელიც ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს და არ უნდა ტოვებდეს პოლიტიკური სპეკულაციებისა და მანიპულაციების სივრცეს. სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხი ასეთი არ აღმოჩნდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენ ძალიან უხეში სპეკულაციები ვიხილეთ, მათ შორის, ტერმინებთან დაკავშირებით. თქვენ რომ ეს საკითხები მართლა გადარდებდეთ, მიიღებდით მონაწილეობას, რაც საქართველოს პარლამენტში შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ვაპირებთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და აქ გამოჩნდება, როგორ ჩაერთვებით და მართლა ხართ თუ არა ამ საკითხების გულშემატკივარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
რატი იონათამიშვილი ცოტა ხნის წინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხის ირგვლივ, საზოგადოება სპეკულაციების მოწმე გახდა, მათ შორის, ტერმინებთან დაკავშირებით.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ძალადობის აღმაშფოთებელი ფაქტი ვიხილეთ, რომელსაც ორი დამამძიმებელი გარემოება ჰქონდა – ერთი, რომ ეს ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანზე და მეორე, განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ 2022 წელს კიდევ მექნებოდა იმის აუცილებლობა, რომ ამაზე მესაუბრა.
ტერმინების – “ინვალიდი” და “უნარშეზღუდული” თქმა არის სირცხვილი, ყრუ-მუნჯის თქმა არის დისკრიმინაცია, საბჭოური გადმონაშთი და თანამედროვე დღეს კომუნიკაციის არცერთი არხით და საშუალებით ამას არ უნდა მივმართავდეთ. ჩვენ ტერმინებს ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ, რადგან ამ ტერმინებში ჩანს ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელიც მოქალაქეებს აქვთ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ. და ეს დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური ძალადობაც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ სტერეოტიპების განვითარებას არ ვუწყობდეთ ხელს და არ ვახალისებდეთ სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.