ბექა დავითულიანი – „ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციასა და მაქსიმალურ სიფრთხილეს ამ მიზნების მისაღწევად”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტსა და ტექსტში ასახულ მიდგომებზე ისაუბრა.

„მთავარი ამბავი, რაც ყველას კარგად გვაქვს გასააზრებელი, არის ის, რომ სახელმწიფოების მხრიდან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მცდელობაა და უკრაინა, რა თქმა უნდა, აქ არ არის მთავარი მიზანი ამ გადანაწილების და ძალთა ბალანსის ცვლილების. უკრაინა არის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დიდი გეოპოლიტიკის და მმართველი გუნდის აზრით, აქ მთავარი ფაქტორი არის უკრაინის და მშვიდობის მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიციის ნაწილის აზრით, მეჩვენება, რომ ეს არის ერთგვარად ომში შანსის დანახვა. თითქოს, ამ კონფლიქტის გამწვავებაში რაღაც გამოსავალს ხედავენ და ჰგონიათ, რომ ამით უკეთ დალაგდება უკრაინის, ჩვენი და მთლიანად რეგიონის ინტერესები.

უკანასკნელი წლების მარტივი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ  სამწუხაროდ, არც აგვისტოს ომის ცხელ ფაზაში გადასვლამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას კარგი შედეგები და ის ომი ნამდვილად წავაგეთ და არ მოგვიგია, როგორც ამას ჩვენ ვიღაცები გვაზეიმებდნენ. არც რომელიმე სხვა რეგიონში არსებული ცხელი კონფლიქტები რუსეთისთვის სავალალო და თავისუფალი სამყაროსთვის საკეთილდღეოდ დასრულდა. სამწუხარო რეალობაა ეს! ამ ფონზე რა საჭიროა, რატომ ვხდით სადავოდ კონფლიქტის გამწვავება-არგამწვავების საკითხს და რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უკრაინის მხარდამჭერი, ამის ლოგიკას ვერ ვხედავ. რეზოლუციაში რუსეთს ჩავწერთ თუ არა, არავის აქვს ილუზია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ეს რამეს შეცვლის, თუმცა, აქ გადის ზუსტად ის ხაზი, ვინ რას ვემხრობით.

ჩვენ ვემხრობით მშვიდობას, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, მაქსიმალურ სიფრთხილეს რათა შევძლოთ ამ მიზნების მიღწევა. თქვენ პირიქით – გგონიათ, რომ ამ მკაფიო ნაბიჯების და კონფლიქტის შესაძლო გამწვავებით, შეიძლება რაღაც შანსი გაჩნდეს და უბრალოდ ეს შანსი არ ჩნდება. ჩვენი მომავლის წინაშე გვმართებს პასუხისმგებლობა ვიყოთ ფრთხილები, გონივრულები და ურა-პატრიოტული გამოხტომებით მიზანს რომ ვერ ვაღწევთ, მინიმუმ ეს უნდა გავიაზროთ”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები