გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება
მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ ცვლილების თანახმად კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილი იყო სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, სამინისტროს ნაცვლად მითითებული იქნება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სამინისტრო კვლავ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, – „ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს გამართვა, იმიტომ, რომ არაერთხელ ვყოფილვართ იმის შემსწრე, როცა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლებოდა, მხოლოდ იმიტომ გახდა წინააღმდეგობების საგანი, რომ არასწორად, ზერელედ, ზედაპირულად გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არსებობდა და როდესაც მოსახლეობაში ეჭვი ჩნდება, მერე მათი გადარწმუნება რომ ეს გამოსწორებადია, თითქმის შეუძლებელი ხდება.
პრაქტიკულად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო გაჩერებული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სკურუპულოზური მიდგომა, რომ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას და ექსპერტიზა იყოს უმაღლესი სტანდარტებით შესრულებული. ეს პოლიტიკა, ასეთი მიდგომა არის გარკვეული წინსვლა”. საკითხის განხილვის შემდეგ ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.