ჯანდაცვის მინისტრი: საველე ჰოსპიტლის საჭიროება არ არის
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.
მისი თქმით, ქვეყანაში საველე ჰოსპიტლის საჭიროება არ არის.
„ჩვენ გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ოპერატორი დავამატეთ, ვამატებთ ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, იცით, რომ 13 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეს, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 150 ათასია, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5 ათასი ჩვენი მოქალაქე. კიდევ დავამატებთ ონლაინკლინიკებს. ამაში ჩართულია 2 500 ოჯახის ექიმი და პრიორიტეტულად ახორციელებენ ისინი ზარებს და უკუკავშირს მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომლებსაც ქრონიკულ დაავადებები აქვთ და სხვა გართულებების რისკი სადაცაა. ხდება როგორც შემოსული ზარების აღრიცხვა, ასევე, ადგილზე ტესტირების შემდეგ ინფორმაციის სრულად მიწოდება.
რაც შეეხება საველე ჰოსპიტლის დადგმის საჭიროებას, დღეის მდგომარეობით და პროგნოზით, ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასზე ცოტა მეტი. იმის რესურსი ჯერჯერობით გვაქვს, რომ ზრდის შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გავუმკლავდეთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.