“რა დგას რეალურად რუსული ულტიმატუმის, უფრო შანტაჟის უკან?” – გიორგი ცუცქირიძე
“რა დგას რეალურად რუსული ულტიმატუმის, უფრო შანტაჟის უკან? არის თუ არა რუსეთი დიდ კონფლიქტზე წამსვლელი? ეს კითხვები ლოგიკურია რამდენადაც დასავლეთის პოზიციაც აქედან არის შესაფასებელი”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ამ დაპირისპირებაში, რომელიც არ ჩამოდის მსოფლიოს მედიის დღის წესრიგიდან, ვფიქრობ რუსეთზე არანაკლები დასაკარგი დასავლეთსაც აქვს.
დასავლეთთან სამხედრო კომფრონტაცია სერიოზული ბლოკის გარეშე, რუსეთს ერთი შეხედვით უშანსოდ ტოვებს. რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს არა თუ გრძელვადიან დაპირისპირებას, არამედ მოკლევადიანსაც კი, დასავლეთმა დამატებით ახალი მკაცრი სანქციებიც, რომ არ დაუწესოს. რუსეთის ეკონომიკა არ არის ავტარქიული, როგორიც სსრკ დროს იყო. მისი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდია. რუსეთის ეკონომიკას მარტო მისი წამყვანი ენერგოკომპანიების აქციების ვარდნა ჩამოშლის, რასაც რუბლის კატასტროფული გაუფასურება და ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელზე გასვლა მოჰყვება. რუსეთს არც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეყოფა ხანგრძლივი ინტერვენციებისათვის.
საპასუხოდ რუსეთის მხრიდან გაზის გადაკეტვას ევროპა კიდევ დააკონპენსირებს ნორვეგიული გაზით და აშშ ის მხრიდან ტანკერებით თხევადი გაზის შეტანით, რაც ევროპის გაზის კრიზისისას უკვე ვნახეთ.
ვფიქრობ, რუსეთის მთავარი გზავნილი ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების კონტექსტში, უკრაინის და საქართველოს საკითხზე მეტად, რაზეც მთელი აქცენტებია გადატანილი თავად ნატოს არსებული ფორმატის გადასინჯვის მცდელობა იყო. მით უმეტეს უახლოეს მომავალში ჩვენთვის თუნდაც მაპის მინიჭება ნაკლებად იდგა პრიორიტეტებში დიდწილად სწორედ რუსული ფაქორის გამო.
ეს საკითხი რუსული პირობების პრეამბულა უფრო იყო. მის გადადებას რუსეთი კულუარულადაც მოაგვარებდა.
მთავარი საკითხი კი ეხება ნატო ს 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნებას ანუ ყოფილი ვარშავის ბლოკის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილის და ბალტიის სახელმწიფოების ნატო-ში მიღებამდელი სტატუსკვოს აღდგენას.
რუსეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ის აღიარონ გლობალურ მოთამაშედ, რითაც დასავლეთთან და ჩინეთთან ერთად ტრიპოლარული მსოფლიო წესრიგის ნაწილი იქნება. სხვა ალტერნატივა რუსეთს აქვს დაშლის მაღალი პერსპექტივით. რუსეთის იმპერიას სჭირდება უფრო ფართო სასიცოცხლო სივრცე გავლენის სფეროების სახით’. დღევანდელი მოცემულობითაც ის სერიოზულად კარგავს გავლენებს შუა აზიაში.
25 იანვარს ჩინეთის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის ახალი გაერთიანება – „ცენტრალური აზია – ჩინეთი“ შეიქმნა. მას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთისთვის და აბრეშუმის გზის პროექტისთვის, და შანხაის ფორმატის რევიზიასაც წარმოადგენს.
რუსეთის ულტიმატუმზე დასავლეთის ხისტი პოზიცია ფაქტობრივად სამფურცლიანი პასუხი-უარით გვაფიქრებინებს, რომ ევროპიდან აბარგება არანაკლები ეგზისტენციური გეოპოლიტიკური რისკის მატარებელია აშშ ს და დიდი ბრიტანეთისათვის.
რუსეთის პირობებზე დათანხმება ამერიკისათვის ნიშნავს არა მხოლოდ ყველა სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭებას, ნატო ს ფაქტობრივად დაშლას და ავტორიტეტის განულებას, არამედ წინასწარ კაპიტულაციას ჩინეთთან. უფრო მეტიც თავად აშშ შეიძლება რუსეთზე არანაკლები დეზინტეგრაციული პროცესების წინაშე აღმოჩნდეს, და ეს ბოლო ზე- პოლარიზებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც გვიჩვენა.
ეს პირველ რიგში, ევროპული უსაფრთხოების გამოწვევასთან ერთად, არის სტრატეგიული ნერვების ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის, რუსეთის საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ. ფაქტობრივად პირველი სერიოზული მოთელვაც მომავალი უფრო დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების წინ, სხვა გლობალური აქტიორების ჩართულობით. აქ პირველ რიგში ჩინეთი იგულისხმება, ტაივანთან დაკავშირებით აშშ-ში ჩინეთის ელჩის ბოლო განცხადებაც, არ არის შემთხვევითი.
რუსეთი, მას შემდეგ რაც თავის წამოყენებულ მოთხოვნებზე მიიღო უარი, და ვერც დასავლეთის პოზიციები გახლიჩა, ეს რაუნდი ფაქტობრივად წააგო. რუსეთი ნაკლებად სავარაუდოა ამ ეტაპზე საომარ კონფლიქტზე წავიდეს, მით უმეტეს ბოლო დღეებში უკრაინის სოლიდური ფინანსური და იარაღით სამხედრო დახმარების პირობებში. ეკონომიკურ ზარალთან ერთად, რუსეთისათვის ადამიანური მსხვერპლიც დიდი იქნება. თუმცა თავიდან ჩანდა, რომ რამდენიმე მხრიდან სწრაფ ინტერვენციას განახორციელებდა, რაც შეიძლება დიდი ტერიტორიის დაკავებით, შემდგომი, კრემლისათვის სარფიანი ვაჭრობისათვის.
დღეს რუსეთის არსენალში ერთადერთი, ოფიციალურ კიევზე ზეწოლა რჩება. სავარაუდოდ, მაქსიმალურად აამუშავებს მეხუთე კოლონას და თუ კიევში ხელისუფლების ცვლილება ვერ შეძლო და უკრაინის ფედერალიზაციასაც ვერ მიაღწია, მოლაპარაკებების ჩაშლას დააბრალებს დასავლეთს და კოსოვოს ანალოგიურად როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, იგივეს გააკეთებს უკრაინის ორ სეპარატისტულ ოლქშიც და ვფიქრობ, ეს არის ის მაქსიმუმი, რასაც კრემლმა შეიძლება მიაღწიოს. ბუნებრივია, პროსახელისუფლებო მედიით, ეს ყველაფერი დასავლეთთან დაპირისპირებაში მორიგ, დიდ გამარჯვებად გაფორმდება.
როგორი იქნება მოვლენათა ასეთი განვითარებისას დასავლეთის პოზიცია, რამდენად დიდი ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს და რამდენად ეყოფა იმპერიის გადასარჩენად ესეც მალე გამოჩნდება”,- წერს ცუცქირიძე.