ონში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგო ხიდეშელმა, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა”, – აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
2019 წლის 2 სექტემბერს, ონის სინაგოგის 125 წლისთავზე ქ. ონში, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ნიშნად გაიხსნა ისტორიული მემორიალი, რომელიც ეძღვნება ნაცისტური რეჟიმის მიერ განადგურებული 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლეს და რაჭის ღირსეული შვილის, ქართველი “შინდლერის”, სერგი მეტრეველის ნათელ ხსოვნას.
“შეგახსენებთ, რომ ქალაქი ონი ამით გახდა ერთადერთი მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოეთში, სადაც არასდროს მომხდარა ებრაელთა დევნა და მონუმენტი მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. იმავდროულად, ბუნებრივია, ონი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც აღმართულია ჰოლოკოსტის მემორიალი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის, ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია”, – აღნიშნულია განცხადებაში.