ამ ომის თანმდევი ახალი სანქციები იქნება, რასაც რუსეთის ეკონომიკა ვერ გადაიტანს- გიორგი ცუცქირიძე

ამ ომის თანმდევი იქნება ახალი სანქციები რასაც რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვერ გადაიტანს, სახეზე იქნება რუსული საფონდო და სავალუტო ბაზრების სრული ჩამოშლა თანმდევი ეკონომიკური კრიზისისათვის დამახასიათებელი პრობლემებით, – ამის შესახებ ქსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსული ბაზრების კრიზისი მსოფლიოს საფონდო ბაზრებზეც აისახება, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად დამანგრეველი ვიდრე თავად რუსული ეკონომიკისათვის.

“რუსეთის ულტიმატუმს, რომ დასავლეთი არ მიიღებდა ისედაც ცხადი იყო, ამაზე სხვა დროსაც მისაუბრია. რუსეთს არანაირი შანსი ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში არა აქვს, ერთი ელემენტარული ფაქტორის გამო, რომ ის ფაქტობრივად მარტოა დასავლეთის პირისპირ.

ყველა დიდი დაპირისპირება რაც, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ყოფილა, ვგულისხმობ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, სამხედრო ბლოკებს შორის დაპირისპირება იყო. ვერც ბელორუსი, და ვერც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები, ისიც იდეალურ შემთხვევაში რუსეთის გვერდით, რომ დადგნენ შანსი მაინც არ ექნება. არც ჩინეთი და არც თურქეთი წმინდა პრაგმატული მოსაზრებების გამო, ამ მოსალოდნელ დაპირისპირებაში არ

წავლენ აშშ-ბრიტანეთის ალიანსის წინააღმდეგ.

მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არც თუ დამახასიათებელი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ერთი შეხედვით საერთაშორისო პოზიციების შესუსტებისა, იგი დღესაც რჩება როგორც ერთადერთი ზესახელმწიფო მსოფლიოში. შეერთებულ შტატებს ამჟამად აქვს ძალიან დიდი თავდაცვითი უპირატესობა ყველა კონკურენტთან შედარებით, როგორც სამხედრო ინვესტიციების, ასევე სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის თვალსაზრისით და ეს პირველ რიგში გამოწვეულია უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტით.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებაში სახელმწიფოები, რომლებიც მხარს დაუჭერენ მოსკოვსა და ვაშინგტონს არა მხოლოდ საჯარო სივრცეში დიპლომატიური განცხადებებით და ეკონომიკური შეზღუდვების შემოღებით, არამედ რეალური ქმედებებით ეს პირველ რიგში არის აშშ-ბრიტანეთის ალიანსი. აქვე შევნიშნავ, რომ მეორე მსოფლიო ომის ბედიც, სწორედ აშშ-ბრიტანეთის ალიანსის ჩართვამ და სსრკ-ის მხარდაჭერამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება რუსეთის პოტენციურ მოკავშირეებს გარდა ბელორუსისა და სირიისა, საეჭვოა რუსულ ბანაკში აღმოჩნდნენ თუნდაც ყაზახეთი, უზბეკეთი ან სომხეთი.
ამ ომის თანმდევი იქნება ახალი სანქციები რასაც რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვერ გადაიტანს, სახეზე იქნება რუსული საფონდო და სავალუტო ბაზრების სრული ჩამოშლა თანმდევი ეკონომიკური კრიზისისათვის დამახასიათებელი პრობლემებით. რუსეთის ეკონომიკა, არა თუ ხანგრძლივ საომარ დაპირისპირებას, არამედ მოკლევადიანსაც ვერ გადაიტანს.

ბუნებრივია, რუსული ბაზრების კრიზისი მსოფლიოს საფონდო ბაზრებზეც აისახება, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად დამანგრეველი ვიდრე თავად რუსული ეკონომიკისათვის.

რუსეთ-დასავლეთის მოსალოდნელი დაპირისპირების ფონზე, ძალზე საინტერესო განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგმანმაც, როდესაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები “პირობას დებს, რომ მომავალი წლების განმავლობაში იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს ძალისხმევა

საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციისთვის, რათა შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები და მეტი შესაძლებლობები ქართველებისთვის. აქ პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება უკვე უახლოეს მომავლისათვის, რაც იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით და რაზეც არაერთხელ დამიწერია.
ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს სხვა არჩევანი, ტრანსატლანტური ცივილიზაციის გარდა. ეს არჩევანი ცხადად ჯერ კიდევ სულხან-საბას დროს გაკეთდა. მართალია, ევროპისაგან მაშინ ჩვენ ვერ მივიღეთ სათანადო მხარდაჭერა, მაგრამ დღეს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ არის შეცვლილი.

დღეს კითხვები აღარ არის დარჩენილი, პუტინისტური დოქტრინის თაობაზე, რაც დასავლური ცივილიზაციის საპირწონედ, ახალი იმპერიის შექმნას უკავშირდება და ეს ულტიმატუმიც ნატოს არ გაფართოებაზე მხოლოდ საბაბად არის გამოყენებული.

რუსეთს სავაჭროდ, რომ სდომებოდა, არც ქართულ ანკლავებს აღიარებდა და რაც მთავარია ეთნოწმენდას არ დაუშვებდა, ჩვენ უნდა შევიგნოთ რუსულ ველიკოდერჟავულ იმპერიალიზმზე დიდი მტერი ჩვენ არა გვყავს. მას ეკისრება მთლიანად პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ძირძველი ქართული მიწების ოკუპაციაზე, ეთნოწმენდით, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზეც, რომელიც როგორც ერების თავისუფლების სიმბოლო, სწორედ ანტიიმპერიალისტური პოლიტიკის გამო იქნა მოკლული ქართველი რენეგატების ხელით. შესაბამისად, არც არანაირი შანსი არა გვაქვს დღევანდელ რუსეთთან რაიმე პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად.

რუსეთის დასუსტება და არსებული რეჟიმის შეცვლა შედის, როგორც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესში, ასევე გლობალური აქტიორების ბრიტანეთის და ვაშინგტონის გლობალურ ინტერესშიც, განსხვავებით თუნდაც კონტინენტული ევროპის ქვეყნების ნაწილისაგან რუსეთთან მათი ისტორიული კავშირებიდან და წმინდა სახელმწიფო ეგოიზმიდან გამომდინარე.

ჩვენი არჩევანიც ცალსახა უნდა იყოს, ამიტომაც ვუსვამ ხაზს, რომ გვჭირდება გაცილებით პროაქტიური საგარეო პოლიტიკა რისკენაც მივდივართ. ამასთან, არც ზედმეტი მუშტების ქნევა და ემოციებზე თამაში არ იქნება გონივრული.

პუტინის ავტორიტარიზმი მიექანება კანონზომიერი დასასრულისაკენ, და მსოფლიო ჟანდარმად გადაქცევის მცდელობაც განწირულია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ისტორიის ინტერპრეტაციით დაკავებული ამ მანიაკალური რეჟიმის დასასრულით პირველ რიგში თავად რუსი ხალხი დარჩება საბოლოოდ მოგებული, როგორც გერმანელი ხალხი გამოვიდა თავის დროზე ნაცისტური ბანგისაგან და დღეს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო შექმნა”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები