თეა წულუკიანი: ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს
“ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროდ არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს”, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მეტროსადგურ „ისანში“ პოლიციელების მხრიდან შშმ პირზე თავდასხმის ფაქტს რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“.
„მიუხედავად თავის სიმძიმისა, რა თქმა უნდა ეს ფაქტი არ ასაბუთებს და საფუძვლიანად არ აქცევს მოთხოვნას ხელისუფლების ცვლილების შესახებ, მითუმეტეს, როდესაც ამ მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, ვისაც დაუსაბუთებია და გაუმართლებია თავის დროზე ახალგაზრდების მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ქუჩაში, პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა და მათი მოკვდინება, გაუპატიურება ციხეში, ვისაც გაუმართლებია თეთრაძის საქმეზე ადამიანის სახლიდან გაყვანა და ცრუ ბრალდებებით და შემდეგ მისი გარდაცვლილ მდგომარეობაში უკან მობრუნება. ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროდ არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეტროში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.