„რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირეებს ვშორდებით “
„როდესაც რამდენიმე თვის წინ რუსეთთან ნორმალიზების მეთოდად თქვენ კრიტიკისგან თავის არიდება აირჩიეთ, მე მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არაფერს კარგს არ მოიტანდა, მაგრამ ამაზე მაშინ საჯაროდ არ გამიკრიტიკებიხართ, იმიტომ რომ ლეგიტიმური უფლება გქონდათ, აგერჩიათ კონკრეტული კურსი. მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ ახალ რეალობაში რუსეთთან ასეთი დამოკიდებულება საქართველოს ინტერესს დააზიანებს“, – ამ საკითხზე დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და მთავრობა პოლიტიკური კურსის გამო გააკრიტიკა.
„იმის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ბოლო თვეებში გააკეთა, განსაკუთრებით თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ახალი წყალგამყოფი ხაზი იქმნება. ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ავღანეთში შესვლა და სამხრეთ კორეული ბოინგის ჩამოგდების შემთხვევაში იყო, რამაც საბჭოთა კავშირი დემოკრატიულ მსოფლიოსთან საბოლოოდ დააპირისპირა. ასეთი წყალგამყოფი იქმნება დღეს რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის და თუ ამ სიტუაციაში, ჩვენ მკაფიოდ არ დავიჭირეთ დანარჩენი მსოფლიოს – შეერთებული შტატების და ევროპის მხარე, ეს ტალღა გადაგვიყვანს რუსეთში. ამიტომ, მე ნამდვილად არ გთხოვთ ვინმეს გინებას და ლანძღვას, რაც მეც პირადად არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ როდესაც დღეს გამოდის აშშ-ის პრეზიდენტი და ამბობს, რომ რუსეთია ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და ყველა ჩვენს მოკავშირეს, ამ დროს ჩვენი პარლამენტის წევრები არ უნდა ამბობდნენ, რომ ამ პოზიციას ვერ გაიმეორებენ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვთ. ჩემი აზრით, დღევანდელი პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის მთავარ მოკავშირეებს ვშორდებით,“ – განაცხადა ბაქრაძემ.