დავით ბაქრაძე: ჩვენ ვართ კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია

  სამწუხაროდ, დღევანდელი დებატი კარგად ნაცნობი სტილით წავიდა. ისევ საუბარი და ბრძოლაა წარსულთან, საუბარია 9 წელზე და პრაქტიკულად არაფერი მომავლის შესახებ. ერთადერთი გამონაკლისი იყო უსუფაშვილი, რომელიც შეეცადა, რამე მაინც ეთქვა მომავალზე, – ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ყველაფერი დანარჩენი, რაც დღეს მომავალზე მოვისმინეთ, გახლდათ მთავრობის განცხადება, რომ დაპირებები შესრულებულია გადაჭარბებით და, შესაბამისად, როგორც ჩანს, არაფერი განსაკუთრებული მომავალში აღარ მოხდება. ის, რაც ჩვენგან საზოგადოებას აინტერესებს, დღევანდელი დღე, პირველ რიგში, გახლავთ მათი მომავლის დღე, და არა წარსულთან დაკავშირებული ჩვენი ერთმანეთთან ბრძოლისა და კინკლაობის თემები.
საზოგადოებას დღეს უფრო მეტად აინტერესებს: იქნება თუ არა უმუშევრობა, გაიზრდება თუ არა პენსია, როგორ განვითარდება ეკონომიკა, გაირღვევა თუ არა ბიუჯეტი, გაიზრდება თუ არა ფასები, მოიმატებს თუ არა კრიმინალი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია არაკონსტრუქციულია, ჩვენ აქ გვერევა ორი მცნება – არაკონსტრუქციული და კრიტიკული. ოპოზიციას იმ შემთხვევაში შეიძლება ვუწოდოთ არაკონსტრუქციული, როდესაც ის არ ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკურ კურსს და მის შეცვლას ძალადობრივი გზით ცდილობს. როდესაც ოპოზიცია მხოლოდ აკრიტიკებს ხელისუფლებას, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს კონსტრუქციულ ოპოზიციად ითვლება. ასე რომ ჩვენ ვართ, კონსტრუქციული, მაგრამ კრიტიკული ოპოზიცია“, – განაცხადა ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები