„ჭიკაიძეს ახალგაზრდობას ის ადამიანი უწუნებს, რომელიც მასზე ახალგაზრდა, თოფობანას თამაშობდა შს მინისტრობის დროს“
ჭიკაიძეს ახალგაზრდობას ის ადამიანი უწუნებს, რომელიც, მასზე ახალგაზრდა, თოფობანას თამაშობდა შს მინისტრობის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
მისივე თქმით, თუ ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს იმიტომ შეაქებენ, რომ ის ძველ შინაგან საქმეთა მინისტრზე უკეთესია და ეს იქნება სტანდარტი, წინ ვერ წავალთ.
“მე მესმის ბატონი ალექსის, მისი განცდები, როდესაც ახალგაზრდობას უწუნებს ის ადამიანი, რომელიც მასზე გაცილებით ახალგაზრდა, სწორედ თოფობანას თამაშობდა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს და ახლა ჭკუას გვასწავლის. კი ბატონო, ეს აღმაშფოთებელია, გამაღიზიანებელია, მაგრამ თუ ამაზე გავღიზიანდებით, დროს დავკარგავთ სხვა რამეზე და საქმეს ვერ მოვახმართ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ნდობას უცხადებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მისი თქმით, დღეიდან სამოქმედო სტანდარტი არის არა წარსული, არამედ დღევანდელი ევროპა, რომლისკენაც ქვეყანამ ნაბიჯი გადადგა.
“დღეიდან 3 თვეში, 6 თვეში, რას შევასრულებთ, მივაღწევთ, ამის მიხედვით განვსჯით, კარგად მოვიქეცით თუ ცუდად. ყველაფერი დანარჩენი წარსულია და ის მივანდოთ იმას, ვინც არის ამის სპეციალისტი. მომავალი კი უნდა ვანდოთ მას, ვინც ამისთვისაა დაქირავებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს ძალიან კარგი, მაგრამ 9 წელი რომ ვინმე მინისტრი იყო, იმაზე უკეთესი კი არა, არამედ 2 კვირის წინ აქ რომ ბატონები ბრძანდებოდნენ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აი, მათზე უკეთესი უნდა იყოს და იქნება კიდეც თითოეული მინისტრი”, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.