გუბაზ სანიკიძე: ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ქვეყანაზე და 4 მილიონ ადამიანზე
ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ქვეყანაზე, 4 მილიონ კაცზე და კიდევ ქვეყნიდან 1 მილიონ გაქცეულზე, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი 9 -წლიანი მმართველობის ორი შედეგი – ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონე შეახსენა.
„არ მიყვარს 9 წლის გახსენება, მაგრამ ვერავის ავუკრძალავ, ის პერიოდი გაიხსენოს. მე მინდა გითხრათ ძალიან მარტივი შედეგი, თქვენი 9- წლიანი მოღვაწეობის ორი პარამეტრი – ბავშვთა სიკვდილიანობა და განათლების დონე ქვეყანაში. საქართველო ბავშვთა სიკვდილიანობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე და განათლების დონით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ეს არის თქვენი 9 – წლიანი მოღვაწეობის შედეგი. რადგან თქვენ გიყვართ ციფრებით საუბარი, ეს არის ფაქტი – დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ. 20-25 წლის შემდეგ რა პრობლემები გველოდება, დღეს არც დაგვსიზმრებია. რაც შეეხება განათლებას, უპერსპექტივოა ის ხალხი, რომელსაც განათლებული თაობა არ ჰყავს. სამწუხაროა, მაგრამ განათლების დონე ახალგაზრდებში ძალიან დაბალია. ეს არის, თქვენთან ერთად, ჩვენი გამოსასწორებელი, თუ ამის სურვილი გექნებათ, ჯობია, ერთად გავაკეთოთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ქვეყანამ ომის შემდეგ ძალიან მძიმე შედეგები მიიღო. როგორც სანიკიძემ განაცხადა, უმრავლესობის წევრებმა კარგად იციან, თუ ვინ იყო 2008 წლის ომის დროს აგრესორი, თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალების“ მუდმივი აპელირება იმაზე, რომ პრემიერი პუტინს არ აგინებს, არასწორია.
„თქვენი ხელისუფლების დროს ძალიან მძიმე შედეგები აქვს ქვეყანას და ეს შედგები კიდევ უფრო დამძიმდება – ეს არის ომის შედეგები. ეს არ არის მსოფლიოს ჩემპიონატი, ბრაზილიის მხარეზე ხართ თუ გერმანიის მხარეზე, საკუთარ ქვეყანაზეა საუბარი. როდესაც პრემიერს საყვედურობთ, რომ პასუხი არაფერზე არ გაქვთ, რაზე უნდა გაგცეთ პასუხი? რატომ არ შეაგინე პუტინს? ამაზე გინდათ პასუხი? ვერ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? რა მოხდება დღეს საღამოს, არავინ იცის. ჩვენ – ხელისუფლებას უფლება გვაქვს, რომ ჩვენ ვიყოთ ფრონტის წინა ხაზზე. საქართველო ახალ კრიზისს, ახალ მარცხს ვერ გაუძლებს. იმის დაძახება, რომ რუსები აგრესორები არიან და ჩვენ მსხვერპლი ვართ, ვიცით ჩვენ, როგორც არის, მაგრამ როდის იტყვი ამას და რა მდგომარეობაში, ამას აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკა ეს არის. ჩვენ ხომ მარტო ჩვენს ოჯახებზე არ ვაგებთ პასუხს, ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ქვეყანაზე, 4 მილიონ კაცზე და კიდევ ქვეყნიდან 1 მილიონ გაქცეულზე“, – განაცხადა სანიკიძემ.