ზვიად ძიძიგური: მე მომწონს ქალბატონი ჩიორა

  „მე ხანდახან მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მანქანა წყევლა-კრულვის რეჟიმში დატოვა, თვითონ წავიდა და ეს მანქანა ამდენი წელი გავიდა და მუშაობს და მუშაობს ამ რეჟიმში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
„ ჩვენი ოპონენტები ცოტა კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიან. ეს ტაქტიკა, რომელიც მათ შეიმუშავეს, ძალიან წამგებიანია. მაგრამ ესაა მათი გემოვნება. მე ხანდახან მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მანქანა წყევლა-კრულვის რეჟიმზე დატოვა და თვითონ წავიდა… და ეს მანქანა მუშაობს და მუშაობს… რამდენი წელი გავიდა და მაინც მუშაობს. რამდენად არის პოლიტიკურად კარგი, სწორი, რამდენად წარმატების მომტანია, მე მგონი, არც სააკაშვილს ადარდებს დიდად, და ამ პოლიტიკურ ძალაში ნაკლებად დარდობენ ამაზე. მე, მაგალითად, ქალბატონი ჩიორა და ბატონი გიორგი მომწონს, ესენი საერთოდ ასეთები არიან და, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ძალიან გვანან, ისინი ჩიორასაც და გიორგისაც გვანან, ზოგი უფრო მეტად არის რესპექტაბელური, ზოგი უფრო ნაკლებად. ეს არის მათ შორის სხვაობა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
დეპუტატმა სიტყვით გამოსვილისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა დინჯად და მშვიდად დაალაგოს.
„რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ჭკუის სწავლებას როგორ არ მივიღებთ, ჩემო კარგებო, მაგრამ დღენახევარში ომს რომ წააგებ, იმ ძალისგან ომის შემოთავაზებას ვერ მივიღებთ. არ არის ეს სწორი ურთიერთობა. მე ვფიქრობ, რომ პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად, დინჯად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უნდა განვახორციელოთ რუსეთთან. ეს თქვენი რიტორიკა, რომ ყველაფერი ომით უნდა დასრულდეს, ეს არ ახასიათებს ჩვენს ხელისუფლებას. ეს ძალიან სწორია და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ევრიკავშირთან მიმართებაში, ნატოსთან მიმართებაში, საქართველოს თვალშისაცემი წინსვლა აქვს და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები