ნუგზარ წიკლაური პრემიერს: ჩაიხედეთ თქვენს გულში

  ამ ორ დღეში ხალხმა კარდად დაინახა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ უარი თქვა დაპირებების შესრულებაზე, – ამის შესახებ უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ის უძლური აღმოჩნდა, ოპოზიციის შეკითხვებისთვის ეპასუხა.
„ამ საკითხს ჰქვია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და ალბათ ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს მთავრობის ადეკვატურობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შესრულებული დაპირებები. ვფიქრობ, ამ ორ დღეში ხალხმა კარგად დაინახა და საბოლოოდ დარწმუნდა რომ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ უარი თქვა დაპირებების შესრულებაზე და ვითარებას, რომელშიც ახლა ვართ, მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებების სასაფლაო“ შეიძლება ეწოდოს.
ბატონო პრემიერო, უძლური აღმოჩნდით, გეპასუხათ კონკრეტულ კითხვებზე, პასუხები არ გაქვთ, რადგან ეს პასუხები არ არსებობს, იმიტომ რომ ივანიშვილმა მოატყუა ხალხი, რომელთაც მისი სჯეროდათ და რომლებმაც მას ხმა მისცეს. ჩაიხედეთ თქვენს გულში, თქვენც იცით, რომ მოაქალაქეები მოატყუეთ და ამ სიცრუეს მიმართეთ ხელისუფლების მოსაპოვებლად“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დეპუტატის თქმით, ის მხარს ვერ დაუჭერს მთავრობის კაბინეტის ახალ შემადგენლობას.
„არსებითია პოლიტიკურ ოპონენტებთან დამოკიდებულება, მათი მტრებად დასახვა, განსხვავებული და კრიტიკული აზრის, თავისუფალი სიტყვის ვერ ატანა. მე ვერ დავუჭერ მხარს იმ მთავრობას, რომლის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილია“, – აღნიშნა წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები