შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილია 3 498 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.
სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის აეროპორტი“ აღიკვეთა. უკრაინის მოქალაქის ა.პ.-ს კუთვნილ კომერციული დანიშნულების, არადეკლარირებულ 3 687 ლარის ღირებულების საქონელს, კანონმდებლობის შესაბამისად წითელი დერეფანი განესაზღვრა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – ჯამში 7 185 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.