გოგა ხაჩიძე: მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს (ვიდეო)
მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატმა ყოფილ პრემიერს მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა, უმრავლესობას კი საქმიანობაში ღმერთის წყალობა უსურვა.
„მე ისიც ვისწავლე, რომ არ შეიძლება აქ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ციტატების ჩართვა, ამას მყისიერად პარლამენტის თავმჯდომარისგან პროცედურული დემოკრატიის აღზევება მოყვება ხოლმე. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პრემიერი დაგვინიშნა; დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება; მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პარლამენტი ვართ; დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქალბატონი ეკა ბესელია მუზებზე მესაუბრება; მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა, კაცმა არ იცის და უკან ზის და ხითხითებს; მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან; მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ მზე ამოდის და, საერთოდ, რომ ვარსებობთ; მადლობა, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს; უდიდესი მადლობა, მაპატიეთ, თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ მყავდეს, იმასაც გავათავისუფლებდი ახლა. ძალიან დიდი მადლობა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ნამდვილად დაგჭირდებათ ეს, აწი ღმერთი თუ მოგიმართავთ ხელს, თორემ ისე ხართ რეალობას მოწყვეტილი, რომ ადამიანისას ვეღარ გაიგებთ. მადლობა, ბატონო ბიძინა, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს“, – აღნიშნა ხაჩიძემ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qWLDP3hYri8″ width=”560″ height=”315″]