აჭარაში გიორგი გახარიას პარტიას დამფუძნებლები ტოვებენ

აჭარაში გიორგი გახარიას პარტია 25 დამფუძნებლიდან 14-მა დატოვა.

„ჩვენ, პარტიის დამფუძნებლებს გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ დღემდე პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა, პარტია „საქართველოსთვის“ იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო, ებრძოლა, ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი – საზოგადოების კეთილდღეობისთვის”, – აცხადებენ პარტიის აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებლები.

მათი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანლის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი მათთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია.

“ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და, გუნდის სურვილის მიუხედავად, აიძულებს ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას.

კერძოდ, მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, თამილა ფაღავასთვის, ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღეს. მას შემდეგ რაც მან მიიღო უარი ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცე მერობა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას. ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან არ გვინდოდა განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა, ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს, მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ – პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩვენ პარტიის დამფუძნებლები კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას „საქართველოსთვის“, – განაცხადეს გახარიას პარტიის ყოფილმა წევრებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები