ნუკრი ქანთარია “ნაციონალებს”: დიდხანს იცოცხლეთ, რომ იყოთ საჩვენებელი, როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ჩვეული რეჟიმით იმოქმედის, მაგრამ როგორც საზოგადოება, ისე ჩვენ – ყველანი ვხედავთ, რომ მისი ხმა ძალიან შორიდან ისმის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა. მან ყოფილი მმართველი გუნდი მუზეუმის ექსპონატებს შეადარა.
„რაზეც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს, ამას შეიძლება ვუწოდოთ ხმა სამარიდან. პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ლიკვიდაცია მაქვს მხედველობაში. მე პირიქით მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოთ, რომ იყოთ საჩვენებელი, როგორი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები იმ ძალიან ბნელი წარსულის მუზეუმის, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს წარსული, არც ჩვენ და არც შემდგომ ხელისუფლებებს… აქ, ამ დარბაზში, ერთხელ იდგა ერთი კაცი და ისტერიულად ყვიროდა: „ყველანი ციხეში“. ჩვენ ამაზე კატეგორიულ უარს ვამბობთ. მაგრამ ის, ვინც ხელისუფლებაში იყო და ვინც ჩაიდინა მძიმე დანაშაული, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი დაჩქარდება“, – განაცხადა ქანთარიამ. მან მთავრობის ახალ წევრებს წარმატება უსურვა, პრემიერს კი სწორი პოლიტიკური კურსისთვის მადლობა გადაუხადა.