დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი – ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთთან მიმდინარე დიალოგს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებების მხარდასაჭერად და  ხაზი გაესვა ნატოსთან, აშშ-სა და მეგობარ სახელწმიფოებთან მიმდინარე მაღალი დონის კოორდინაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, კიდევ ერთხელ დადებითად იქნა შეფასებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგები, რაც, მხარეთა შეფასებით, ხელშესახებ შედეგს მოუტანს ქართულ საზოგადოებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიაში, ლიეტუვას პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინიციატივას, რაც რეგიონში მდგრადი მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე უკანონო ქმედებები, რაც მძიმედ აისახება როგორც ჰუმანიტარულ, ასევე, უსაფრთხოების გარემოზე. საქართველოს ვიცეპრემიერმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც იყო მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები