„ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში“
ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში. სანამ ჩვენ ვართ ქვეყნის სათავეში, ვერ დაბრუნდება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ანი მიროტაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატმა პრემიერს პირობის დადება სთხოვა, რომ საქართველოში აღარასოდეს იქნებიან ისეთი მინისტრები, რომლებიც გვამებს ითხოვდნენ და ამაში პრემიებს არიგებდნენ.
“ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს მთავრობაში. ჩვენს ხელისუფლებაში, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ქვეყნის სათავეში, ვერ დაბრუნდება “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენელი. ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც თქვენ დამარცხდით არჩევნებში, მაშინ, როცა თქვენ დამარცხდით ადგილობრივ არჩევნებში, ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში” , – განაცხადა პრემიერმა.
დეპუტატი ანი მიროტაძე ასევე დაინტერესდა იმით, გაიზრდება თუ არა ჯარისკაცების ხელფასები, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების ზრდა იგეგმება. “ჯართან მიმართებში ბევრი რამ გავაკეთეთ, მოკლე დროში, ის, რაც ვერ გააკეთა “ნაციონალურ მოძრაობამ” 9 წელიწადში. ჯარისკაცებს გავუზარდეთ ხელფასები, გავზარდეთ სოციალური დახმარება დაღუპული ოჯახების წარმომადგენლებისთვის და მომავალშიც ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ შესაძლებლობის ფარგლებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.