ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ უინტერესო ოპოზიცია გახდით
თქვენ უინტერესო ოპოზიცია გახდით, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დავით დარჩიაშვილის შეკითხვის შემდეგ. დარჩიაშვილი დაინტერესდა, ვინ იყო გუშინდელ და დღევანდელ გამოსვლებთან დაკავშირებით პრემიერის მრჩეველი.
“მაინტერესებს, ვინ იყო თქვენი მრჩეველი გუშინ და ვინ არის დღეს, რადგან რადიკალურად განსხვავდება თქვენი გამოსვლები. დღეს გამოდიხართ, როგორც ოპონენტი, პოლიტიკოსი სამთავრობო წრეებიდან, გუშინ კი იყავით ახალგაზრდა, გამოუცდელი, ამბიციური ადამიანი, რომელიც მასზე გამოცდილ და უფროს ხალხს ეძახდა კრიმინალს, მატყუარას და დემაგოგს”, – მიმართა დარჩიაშვილმა პრემიერს.
ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უინტერესო ოპოზიცია უწოდა და აღნიშნა, რომ მათ დემაგოგიაზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.
“თქვენზე აზრი არ შემიცვლია, არც დამოკიდებულება. პირიქით, გუშინ გამიმყარდა ჩემი შეხედულება თქვენზე, რომ ხართ აბსოლუტურად არაკონსტრუქციული, ეწევით დემაგოგიას და ტყუილს ეუბნებით ოპოზიციას. ასე რომ, მე არ ვაპირებ თქვენს დემაგოგიაზე გავაკეთო სერიოზული კომენტარი, ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი დეპუტატების, საქართველოს პარლამენტის. თქვენ უინტერესო ოპოზიცია გახდით”, – აღნიშნა პრემიერმა.