“უკრაინის ოკუპაცია ნაკლებად სავარაუდოა” – ერდოღანი შექმნილ ვითარებას ალიევსა და პუტინთან განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციის სცენარი რეალობისგან შორს არის.

ამის შესახებ Anadolu წერს.

ჟურნალისტებთან საუბარში, რომლებიც მას ახლდნენ ალბანეთში ვიზიტის დროს, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მოსკოვმა უნდა გააანალიზოს სიტუაცია მსოფლიოში და ქვეყნის შიგნით“.

მისი თქმით, აპირებს, უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილოს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელიც გუშინ კიევში იმყოფებოდა.

„დაველაპარაკები ილჰამ ალიევს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან ეს რეგიონები ვეღარ აიტანს ახალი ომის ტვირთს. ეს არასწორი იქნებოდა. ომის სცენარის პოლიტიკური დღის წესრიგიდან სრული ამოღების დრო დადგა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში უცხო მიწების ოკუპაცია არავის მიიყვანს სასურველ შედეგამდე.

„მაგალითად, რა ნაბიჯები გადადგა რუსეთმა უკრაინაში, ყირიმში. პუტინთან ყოველი საუბრისას ვაცხადებ, რომ თურქეთი ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგია. იმავე პოზიციას აფიქსირებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ანუ თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახაა“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები