ელისო ჩაფიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ტყიბულის უკანონო მართვაში ადანაშაულებს
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მმართველ გუნდს ტოვებს. როგორც „კვირას“ ელისო ჩაფიძემ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე ვრჩები მმართველ გუნდში და არსად წასვლას არ ვაპირებ. თანამდებობა იმ პირებმა უნდა დატოვონ, ვინც ტყიბულის მართვა უკანონოდ მოინდომეს“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელისო ჩაფიძე მმართველ გუნდს ტოვებს. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს უპირისპირდება. ჩაფიძის გაღიზიანება იმ პროცესებმა გამოიწვია, რაც ტყიბულის რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
რამდენიმე კვირის წინ, ტყიბულის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” 13 წევრმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, რასაც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე საბოტაჟის მოწყობის მცდელობას და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანის საკრებულოს საქმიანობაში ჩარევას უკავშირებს. ის საკრებულოს წევრებზე გახორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილი შეიკრიბა. მათ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი შეხვდნენ, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტყიბულში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. რობიზონ გვენეტაძის განცხადებით, ნუგზარ ყიფიანის ტყიბულში იმის გამო ჩავიდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ ,,ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზ კუბლაშვილი მშვიდობიანად და ხმების უმრავლესობით იქნას არჩეული.