ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან

   პოლიცია გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.
„საქართველოში დაიწყო და გრძელდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარება. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა სახელმწიფო – დაცულია აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების მშენებლობა.
პოლიცია გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მისი ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. ერთ-ერთი პრიორიტეტია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონიერების, პროპორციულობის, თანასწორობისა და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. გაიზრდება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები