ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს განახლებული პროგრამა წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის განახლებული პროგრამა – ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” წარუდგინა.
როგორც პრემიერმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული პროგრამა საქართველოს მომავალი განვითარების გეგმაა. მისივე თქმით, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება.
“ეს პროგრამა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმაა, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. პროგრამა, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო პატივისცემას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის და გეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.
“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს შეუქცევადი ხასიათი მიეღო. პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა; სახელმწიფო ორგანოები დაბალანსებულად მუშაობენ; დაიწყო რეალური თვითმმართველობის მშენებლობის პროცესი, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალია საქართველოსთვის; მართლმსაჯულების სფეროში ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა; რეალობად იქცა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობა ქვეყანაში; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება; დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები