თამარ კორძაია: მივმართავ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ყველა ის საკითხი, რაც სანატორიუმ „ქართლში” მომხდარ ფაქტს უკავშირდება, პირად კონტროლზე აიყვანოს
“მივმართავ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანოს ყველა ის საკითხი, რაც სანატორიუმ “ქართლში” მომხდარ ფაქტს უკავშირდება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებთან მიმართებით ბევრი საკითხია შესასწავლი.
“ჩემთვის ეს საკითხი გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს, რადგან მე თვითონ არაერთი წელი დევნილობის პერიოდში ვცხოვრობდი იმ სასტუმროში, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. ძალიან ბევრი საკითხია იქ მცხოვრებ დევნილებთან მიმართებაში განსახილველი, შესასწავლი და გასარკვევი, რადგან ის დანაშაულებრივი გულგრილობა, რასაც წლების განმავლობაში ხელისუფლება იჩენს იქ მცხოვრები დევნილების მიმართ, ის დამოკიდებულება, რაც აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა იქ მისულმა იმ პირობების მნახველმა გამოიჩინა დევნილებთან მიმართებით, ის ენა, რომლითაც ის ესაუბრებოდა დევნილებს, ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ომი, სიცოცხლე შეინარჩუნეს, სიცივეში გამოიარეს მთებში, დღეს ისევ უდგათ სიცოცხლის რისკი და გამოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი, რომელიც ნახავს იმ პირობებს, რომელშიც ცხოვრობენ თბილისის ზღვაზე ნებისმიერ კორპუსში მცხოვრები ადამიანები, ვერ გაუძლებს ამის ყურებას, რადგან არის საშინელი, არაადამიანური ღირსების შემლახავი საცხოვრებელი პირობები”, – განაცხადა კორძაიამ.