გია ხუხაშვილი: სააკაშვილი თავს პოლიტიკაში კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკას ხედავს საკუთარ თავში, სხვათა შორის, ამით ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილს

“მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და ნიკა მელიას კონცეფციით წასულიყო ყველაფერი, ოპოზიციას ჯამურად 5-7%-ით უკეთესი შედეგი ექნებოდა, ვიდრე – მიიღეს”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ხუხაშვილი ინტერვიუში გასულ კვირას, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.

“ჩემი აზრით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენის სამი ვარიანტიდან ხელისუფლებამ აარჩია სწორედ ის, რაც ადასტურებს ამ პროცესში პოლიტიკურ ინტერესს და რომ ეს დაკავშირებული იყო სწორედ ანაკლიის პორტის პროექტთან. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ეს ვერდიქტი მოსამართლემ დამოუკიდებლად გამოიტანა. განაჩენი დაწერა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ეს სასამართლომ გაახმოვანა. მან დაადასტურა, რომ ამოცანა ხაზარაძე-ჯაფარიძის დაჭერა კი არ იყო, არამედ მათი დისკრედიტაცია და რაც მთავარია, ანაკლიის პროექტის ჩაშლა ან მასზე კონტროლის დაბრუნება. თავიდან ამ პროექტს ხელისუფლება ზერელედ უყურებდა. მიაჩნდა, რომ ეკონომიკურად მაინცდამაინც მომგებიანი პროექტი არ იყო, მაგრამ მსვლელობაში გამოჩნდა, რომ მას აქვს ძალიან სერიოზული დატვირთვა როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ეს ცხადი გახადა ამერიკელების დაინტერესებამაც. გამოჩნდა ისიც, რომ პროექტის მიმართ რუსეთს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონტროლი დაებრუნებინა მასზე და ამით ევაჭრა, ერთი მხრივ, დასავლეთთან და მეორე მხრივ, რუსეთთან. კონტროლის აღდგენისთვის კი უნდა ჩამოეშორებინა კონსორციუმი. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები, კვირიკაშვილის მიუღებლობა და ა.შ. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც გადაწყვიტეს ამოექექათ ეს დოსიე. საქართველოში ხომ ყველა პოტენციურად საფრთხის შემცველ პირზე იქმნება ამგვარი საქმეები. სხვათა შორის, ეს დოსიე შეიქმნა არა ამ ხელისუფლების, არამედ წინას დროს. თქვენ გგონიათ, ამას სააკაშვილი არ გამოიყენებდა, თუ დასჭირდებოდა? აუცილებლად გამოიყენებდა და შესაძლოა უფრო მძიმედაც, რადგან იმჟამად საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა გასული.

მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი პარტიაა, მელია პატარა პარტიებს აღიქვამდა როგორც სრულფასოვან პარტნიორებს და ამ ბაზაზე გეგმავდა პოლიტიკური პროცესის წარმართვას. მას საკმაოდ კარგი პროექტები ჰქონდა. გავიხსენოთ თუნდაც თბილისის კოალიციური მმართველობის პროექტი, რომელშიც “ლელოს” წევრი უფრო ბევრი იყო, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”.

კოალიციურ მმართველობაზე სააკაშვილიც ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს არათუ “ნაციონალური მოძრაობის” დომინირების, არამედ საერთოდ პროცესების მისი პიროვნების გარშემო, მის პირად ორბიტაზე დატრიალების ხარჯზე.

მოკლედ, სააკაშვილი თავს პოლიტიკაში კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკას ხედავს საკუთარ თავში. სხვათა შორის, ამით ძალიან ჰგავს ბიძინა ივანიშვილს. ხომ თითქოს ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მთავარ რაღაცებში თითქმის ტყუპივით არიან. სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და მელიას კონცეფციით წასულიყო ყველაფერი, ოპოზიციას ჯამურად 5-7%-ით უკეთესი შედეგი ექნებოდა, ვიდრე მიიღეს. სააკაშვილის ჩამოსვლა ყველაზე კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და დღემდე სარგებლობს ამით. სააკაშვილით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიფარა უამრავი პრობლემა. თითქოს არც პანდემია გვაქვს, დღეში არც 60 კაცამდე გვიკვდება, არც ჰიპერინფლაცია გვაწუხებს, არც საგარეო გამოწვევები. ბოლო თვეებია მხოლოდ სააკაშვილზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ლაღად პასუხობს მათ. ეს არ არის სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი და არ მიგვიყვანს რიგგარეშე არჩევნებამდე. სააკაშვილს აქციებიც და სხვა პოლიტიკური პროცესებიც მხოლოდ თავისი ბელადობით წარმოუდგენია. ჰგონია, აგერ ციხეში დაგვიწერს პროგრამას და ამ პროგრამით ირბენს ქართველი საზოგადოება, უკაცრავად, მაგრამ ასე ვერ იქნება… სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ქვეყანაში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. ის ცდილობს თავისი ბედი დაუკავშიროს ქვეყნის ბედს. იმავეს ფიქრობს ივანიშვილიც”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები