პარლამენტი დღეს მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს
პარლამენტი დღეს მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესია 11:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა კი 12:00 საათზე დაიწყება.
გუშინ კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდა, რომელსაც ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი ესწრებოდა. გაიმართა შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან 21 ივლისს გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საავტომობილო გზების დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გელა დუმბაძე. კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დასახელდა.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე, მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს.