“თუ მორიგი ცვლილებები სხვა მინისტრებსაც შეგვეხება, ესეც ბუნებრივად ჩაითვლება“

მე მოტივაცია არასდროს არ მაკლდა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “პირველ სტუდიაში“ საუბრისას განაცხადა. ამით მინისტრი გადაცემის წამყვანის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც მთავრობაში განხორციელებულ და მოსალოდნელ ცვლილებებს ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, მოემატა თუ არა თეა წულუკიანს მოტივაცია, მას შემდეგ რაც პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობაში შესაძლოა ცვლილებები კვლავ განხორციელდეს.
“მე მოტივაცია არასდროს არ მაკლდა და ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში თვალწინ მიდგას ის მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ჩემის აზრით აბსულუტურად უმიზეზოდ დიდი ნდობა გამომიცხადა, ვფიქრობ, რომ ამ ნდობას დღემდე ვამართლებ. ამას შემდეგ უფრო მეტი ტვირთი დაემატა, როდესაც ის გადადგა და ახალმა პრემიერმაც ნდობა გამომიცხადა ახლა უკვე მეორეჯერ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ის მოტივაცია, რაც 2012 წლის 25 ოქტომბერს მქონდა აბსულუტურად იგივე დამრჩა, მაგრამ ის, რომ მთავრობაში ცვლილებები ხდება, ეს ჯანსაღი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს უკვე ყოფილ კოლეგებზე, როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს გული მწყდება, მე ვთვლი, რომ თუკი ცვლილებების მეორე, მესამე ტალღა იქნება ( თუმცა, ეს ამ დროისთვის დადგეგმილი არ არის) ესეც იქნება ბუნებრივი, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი იმის პრემიერ-მინისტრია, რომ მან სამთავრობო კაბინეტი მთლიანად მოირგოს, რადგან თუ მთავრობა წარმატებული იქნება, ამას პრემიერს მივულოცავთ, თუ ცუდად წავა საქმე, პრემიერი როგორც მთავრობის მეთაური პირველ რიგში აგებს პასუხს. თუ მორიგი ცვილებები სხვა მინისტრებს შეგვეხება ესეც ბუნებრივად ჩაითვლება“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები