„მინდა მინისტრობის კანდიდატებს ამ ძალიან კომპეტენტური პასუხებისთვის მადლობა გადავუხადო“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მთავრობის წევრობის კანდიდატებმა ბევრ დაუსაბუთებელ და აბსურდულ შეკითხვას უპასუხეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ, 2,5 საათის განმავლობაში ბევრ დაუსაბუთებელ და აბსურდულ კითხვას გავეცით პასუხი. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო: მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კითხვა არ იყო რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და არც ერთი არ შეიცავდა სიმართლეს, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ვიმყოფებით, ყველა მათგანზე გაგვეცა პასუხი, თუნდაც ის აბსურდული და უსაფუძვლო ყოფილიყო“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა, მინისტრობის კანდიდატებს კომპეტენტური პასუხებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენს მიერ გაცემული კომპეტენტური პასუხებით მოსახლეობას განვუმარტეთ ის რეალობა, რაც ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში დავამკვიდრეთ საქართველოში. მინდა მინისტრობის კანდიდატებს ამ ძალიან კომპეტენტური პასუხებისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ გვსურს რეალური დემოკრატიის მშენებლობა და ის, რაც უმცირესობასთან შეხვედრაზე ვიხილეთ, სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიული პრინციპების გამოვლინება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ხელმძრავნელობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა და სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ძირითადი ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ გასატარებელ ღონისძიებებზე და იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომელიც თან ახლავს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.
„ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ეტაპი დაიწყო, ეს არის ძალიან შრომატევადი პერიოდი და ჩვენ აქტიურად და მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და პარლამენტის თანადგომით გავაგრძელოთ აღებული კურსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან პარლამენტის წევრებთან ქვეყნის ძირითად პრიორიტეტებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობა ქვეყანაში კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს მოდერნიზებას და საბოლოო ევროპეიზაციას უზრუნველყოფს. გამოსვლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ცალკეული დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
სხდომის დასასრულს, დავით საგანელიძემ უმრავლესობის სახელით მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და მინისტრობის კანდიდატებს წარმატება უსურვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, როდესაც მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, დეპუტატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება საკუთარი შეხედულებების და მოსაზრებების და მილოცვების გამოთქმის საშუალება.