ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ს მათ ტერიტორიაზე ჯარების რაოდენობის გაზრდის თხოვნით მიმართავენ
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი მიმართავენ ნატო-ს, გაზარდოს ალიანსის ჯარის რაოდენობა მათ ტერიტორიაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამის შესახებ Reuters-ს ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განუცხადა.
კალასს დიალოგის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს დამატებითი ძალების გადასროლა რუსეთის შეკავების ღონისძიებად შეაფასა.
თავის მხრივ, ალიანსის ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოთხოვნა შეიძლება, განიხილებოდეს ნატო-ს მინისტერიალზე თებერვლის შუა რიცხვებში.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად არის დაძაბულობის მატება. 2021 წლის ზაფხულის დასაწყისიდან რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა და განმარტა, რომ სამხედრო წვრთნებს ატარებს. დასავლელი ლიდერები შიშობენ, რომ მოსკოვი ომისთვის ემზადება.
კრემლი უარყოფს სამხედრო ოპერაციის გეგმას და დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება ითხოვს “უსაფრთხოების გარანტიებს”, მათ შორის, ნატო-მ უარი თქვას აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასა და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე.
გუშინ, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ვინ გაწევრიანდება მათ რიგებში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კი თქვა, რომ ნატო “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არასდროს იტყვის და რომ რუსეთის მოთხოვნები თავიდანვე მიუღებელია.