ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ მტკიცებულებები სრულად დაუშვა, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების უფლებადამცველი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
საქმეზე დაკავებულია 3 პირი: ბინის მესაკუთრე – ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები – მამა-შვილი სურმანიძეები.
სურმანიძეების ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტის დასკვნით, კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია, თუმცა, პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა.
სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა.
წინასასამართლო სხდომას გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი.