„ბატონ ბიძინას ბენზინის ფასის ერთი ლარით შემცირებაზე ნამდვილად არ უსაუბრია“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე დაინტერესდა, რატომ არ ასრულებს მთავრობა ბენზინის ფასის ერთი ლარით შემცირებასთან და ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებასთან დაკავშირებულ დაპირებას. თევდორაძის პასუხად ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, გუნდის წევრებს არასდროს არ უთქვამთ, რომ ბენზინის ფასი ერთი ლარით შემცირდებოდა და ელექტროენერგია განახევრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ბატონ ბიძინას 1 ლარით შემცირებაზე ნამდვილად არ უსაუბრია. თუ გაქვთ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდეთ. გუნდის წევრებს არასდროს გაუჟღერებიათ, რომ ბენზინი 1 ლარით უნდა შემცირდეს, ან ელექტროენერგია უნდა განახევრდეს”, – აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება საწვავის ფასის გაზრდას, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს საერთაშორისო ბაზრის ფასებმა განაპირობა.
“ვერც ერთ შემთხვევას ვერ დაასახელებთ, სადაც ვსაუბრობდი საწვავის 1 ლარით შემცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფასების შემცირებას, 1 ოქტომბრის შემდეგ აშკარად ირკვევა, რომ ფასების ტენდენციური ზრდა შეჩერებულია. ვეთანხმები, რომ პლატზე იყო ფასის აწევა და უკვე ბოლო დღეებია არის ვარდნა. შესაბამისად, ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზრის ფასებზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, იმის გათვალისწინებით, რომ პლატზე ფასი უკან წამოვიდა, აქაც იქნება ცვლილებები ბენზინთან მიმართებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები