საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუ ბეილის და მისი თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. საუბარი შეეხო უელსის ნატოს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს გაიმართება. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სამიტზე დადებითად აისახება ის პროგრესი, რომელiც ქვეყანამ ნატოსთან დაახლოებისა და დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მიაღწია. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ კომუნიკე, რომელსაც სამიტზე მიიღებენ, ორიენტირებული იყოს არა ნატოს პარტნიორობაზე, არამედ წევრობაზე და ძლიერ პოლიტიკურ მესიჯებს შეიცავდეს. როგორც ჰიუ ბეილიმ აღნიშნა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ საქართველო ნატოს ყველაზე ძლიერი, ეფექტიანი და ერთგული პარტნიორია და რომ საქართველოს სურს მისი წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] მიღება. ჩვენმა ასამბლეამ, რომელიც შედგება წევრ-სახელმწიფოთა საპარლამენტო წარმომადგენლებისგან, მხარი დაუჭირა საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხს. ჩვენ ერთად განვიხილეთ ის შედეგი, რომლის დანახვაც საქართველოს უელსში, ნატოს სამიტზე სურს. ეს კი, ხაზგასმით მიუთითებს იმას, რომ საქართველო დგას ალიანსში სრული გაწევრების გზაზე, ისევე, როგორც ევროკავშირთან“, – განაცხადა ჰიუ ბეილიმ. მხარეებმა ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები