გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადაცია არ მოხდება
საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე, რომელიც 19 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს – გაათავისუფლეს.
მისი თქმით, გერმანიის სასამართლო საქმეზე რამდენიმე კვირაში იმსჯელებს.
კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადაცია არ მოხდება.
“რომ გითხრათ, პირველად შემოვფრინდი ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში, მოგატყუებთ, სამჯერ ვარ ნამყოფი. პასპორტში შტამპეპი მაქვს. შემოფრენისას არ მქონდა პრობლემა, ვენაში მქონდა შეხვედრა, მერე ბერლინში ჩავედი და მოვდიოდი უკან, გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, მერე გადამიყვანეს პოლიციაში, სადაც დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ, იმიტომ რომ ვიმყოფები ძებნაზე. მე გავეცი პასუხი, რომ ერთი თვის წინ გადმოვლახე საზღვარი და არ იყო არანაირი პრობლემა. ეს არის ახალი ტალღა ჩემი დისკრიმინაციის და ეს დისკრიმინაცია საქართველოს ხელისუფლებას უბრუნდება პირიქით. ეს საქმე მე აღმიძრეს უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს. სამი წლის მერე წამიყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ეს ბრალი არის მოგონილი და შეთითხნილი, არაფერზე დამყარებული. იმდენი დარღვევაა, რომ მთელი დღე არ მეყოფა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩემი ექსტრადაცია არ დადგება, თვითონაც საექსტრადაციო პერიოდი შემიცვალეს გირაოთი, რამდენიმე კვირაში მექნება სასამართლო, სადაც ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველით”, – თქვა გიგი კალანდაძემ “მთავართან” საუბარში.