კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა
კიევის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ქონება დაუყადაღა. პოროშენკოს უფლებადამცველები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ადვოკატი თვლის, რომ პოროშენკოს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილებაც პოლიტიკურადაა მოტივირებული. მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. გამოძიება ტერორიზმის დაფინანსების, სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მუხლებით მიმდინარეობს. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პოროშენკო ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, მან ქვეყანა დეკემბერში დატოვა, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, 17 იანვარს დაბრუნებასა და სასამართლოში გამოცხადებას გეგმავს.