ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას სამთავრობო პროგრამა წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობას სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. მისი განცხადებით, სამთავრობო პროგრამა არა რომელიმე პოლიტიკური ძალის კუთვნილებაა, არამედ ის ქვეყნის მომავლის საკითხია და ყველას ეხება.
„სამთავრობო პროგრამა, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, ეს არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის კუთვნილება. ეს პროგრამა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმაა, ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. ამ პროგრამაში დაწვრილებით არის მოცემული და განხილული ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები. პროგრამაში ჩვენ ამომწურავად ჩამოვაყალიბეთ სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოსთვის დაიწყო თვისებრივად ახალი ეტაპი, ახალი ფაზა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ძალიან შრომატევადი პერიოდი, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას, იმისათვის, რომ მზად იყოს ყველა გამოწვევისათვის.
“ამ უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს შეუქცევადი ხასიათი მიეღო. პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა; სახელმწიფო ორგანოები დაბალანსებულად მუშაობენ; დაიწყო რეალური თვითმმართველობის მშენებლობის პროცესი, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალი პროცესია საქართველოსთვის; მართლმსაჯულების სფეროში ხორციელდება ფუნდამენტური რეფორმა; რეალობად იქცა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობა ქვეყანაში; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, და ამას აღიარებს ყველა; დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, საქართველოში დაიწყო და გრძელდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარება.
“სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას სახელმწიფო იძლევა – დაცულია აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემების მშენებლობა.
გრძელდება ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონალური პოზიციების გამყარებაზე მუშაობა. გარდამტეხი ნაბიჯები იდგმება ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. უკვე ვახსენე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდა და სახელმწიფოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევად სახეს იღებს. 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქვეყანა ყველაზე საპასუხისმგებლო, იმპლემენტაციის ეტაპზე გადადის”, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს მთავრობის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“ასოცირების შეთანხმების განხორციელება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს შეეხება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი რეფორმები მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსა და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. შეთანხმება სრულად თან ხვდება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვას. აღნიშნული რეფორმები, საბოლოოდ, უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიად ჩამოყალიბებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე იგეგმება ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობას ამ ორგანიზაციაში საბოლოო გაწევრიანების მიზნით. პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს. მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაზე, მოქალაქეებისათვის შექმნის კეთილდღეობის პირობებს.
“ამისათვის მიმდინარეობს და გაგრძელდება წვრილი და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო განვითარება; სახელწიფო გააგრძელებს კერძო საკუთრებისა და შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერებას; უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას; შრომისუუნარო მოქალაქეებისათვის გააგრძელებს ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფას, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოს და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას; კვლავ იზრუნებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ქვეყნის გამთლიანების პროცესზე და ამისათვის ხორციელდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან სამშვიდობო ინიციატივები.
“ორმხრივი მოლაპარაკების გზით მიღწეულია კონკრეტული შედეგები რუსეთთან მოლაპარაკებაში; ეს პროცესი ინტენსიურად გრძელდება ჩემი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მთავრობა აგრძელებს ეფექტიან მუშაობს ამ მიმართულებით.
“ახლო მომავალში უზრუნველყოფილი იქნება საეთერო მაუწყებლობის სწრაფი და უმტკივნეულო გადასვლა ციფრულ პლატფორმაზე. ასევე, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემა უზრუნველყოფს სათანადო რესურსების გამოყოფას იმისათვის, რომ პარტიებმა შეძლონ ეფექტიანად საქმიანობა და საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე შეტანილია კანონმდებლობაში”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები