სააკაშვილი ხელისუფლებას მორიგ ულტიმატუმს უყენებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ვადას 6 იანვრამდე აძლევს, ამის შემდეგ კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასვლით იმუქრება.
სააკაშვილის გზავნილი მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გაახმოვანა.
სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს – აღუდგეს სატელეფონო ზარების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრ “ემპათიას” კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.
“არ გვაქვს საშუალება, კონფიდენციალურობის დაცვით, კომუნიკაცია გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან, რაც ადვოკატის და მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა. თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართვას პროტესტის უკიდურეს ფორმებს”, – განაცხადა ადვოკატმა.