გიორგი ცუცქირიძე: მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, იქცა საკუთარი გარემოცვის მძევლად

“ინგრევა არა მხოლოდ მიშას, როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსის მითი, არამედ – ამ წლების მთელი ნარატივიც დიდი რეფორმატორიდან და ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნიდან თვით დავით აღმაშენებლობამდე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი იქცა საკუთარი გარემოცვის მძევლად, რადგან სწორედ მის გარემოცვას არ სურს, იხილოს მესიად შერაცხული ლიდერი, უბრალო მომკვდავის რანგში.

“რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება, სხვა დროსაც მომხდარა, აქაც და უცხოეთშიც.
პოლიტიკური ლიდერის ხვედრი ისედაც მძიმეა სატარებლად, ფიზიკურადაც და სულიერადაც, დამატებით მესიანიზმით რომ არ იყოს შეკაზმული. ცალკე თემაა გარემოცვა, რაც ღუპავდა და ღუპავს ხშირად მეფეებსაც და პრეზიდენტებსაც და მესიანიზმის ბაცილის მასაზრდოებელი წყაროც არაერთხელ ყოფილა, რომლის მოცილება არ არის ადვილი.
აქვე ავღნიშნავ, რომ არავინ არ არის ძლიერი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგი. პირიქით, სწორედ ძლიერმა და სამშობლოს უზომოდ მოყვარულმა ლიდერებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი საკუთარი ქვეყნების განვითარებაში, იდენტობის ფორმირებაში და კაცობრიობის ისტორიის ჩამოყალიბებაშიც კი.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერის ნამდვილი ლიდერი არასოდეს მისცემს საკუთარ ხალხს ბრმა თაყვანისცემის საშუალებას და არც არასოდეს კვებავს საზოგადოებას არარეალური და უტოპიური დაპირებებით;
ბევრი პოლიტიკური ლიდერის კრახი ცრუ დაპირებებზე და ილუზიებზე აგებულმა წარმოდგენებმა განაპირობა, მაშინ როდესაც ნამდვილი ლიდერი ქვეყანას და ხალხს საკუთარ თავს წირავს და ძალაუფლებას თვითმიზნად არასოდეს აქცევს.
ისტორიამ იცის პოპულისტი ლიდერებიც, რომლებიც პოლიტიკურ ინსტრუმენტად მითოლოგიზაციას იყენებენ და მზად არიან ძალუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ყველა და ყველაფერი გასწირონ. პოპულიზმისკენ გადახრის მახასიათებელია გარემოცვის მზარდი გავლენა პროცესებზე და საბოლოოდ თავად ლიდერზე.
თუ ჩამოსვლის საწყისი პერიოდი, მიუხედავად გისოსებს მიღმა მალევე აღმოჩენისა, მიხეილ სააკაშვილს ერთგვარად მომგებიან სიტუაციაშიც კი ამყოფებდა, მოტივაციაც მეტი ჰქონდა და დღის წესრიგსაც ქმნიდა, რაშიც წამყვანი როლი შიმშილობის აქტმაც ითამაშა, დღეს სიტუაცია კარდინალურად არის შეცვლილი. პირველ ყოვლისა, დამძიმებულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან მას სულ უფრო უჭირს საკუთარი თავის პატიმრად წარმოსახვა, თან არაერთი წლის პერსპექტივით.
მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, იქცა საკუთარი გარემოცვის მძევლად, რადგან სწორედ მის გარემოცვას არ სურს იხილოს მესიად შერაცხული ლიდერი, უბრალო მომკვდავის რანგში. ინგრევა არა მხოლოდ მიშას, როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსის მითი, არამედ ამ წლების მთელი ნარატივიც დიდი რეფორმატორიდან და ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნიდან თვით დავით აღმაშენებლობამდე.
დღეს მას აღარ აქვს ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მისი პოლიტიკური ზეობისას ჰქონდა. ის ფაქტიურად მარტოა დარჩენილი და დამოკიდებულია მხოლოდ მისივე გარემოცვის ილუზორულ საკვებზე – უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე თუ მისივე პარტიის შიმშილობის აქციით სულაც გარეთ გამოყვანაზე.
გარკვეულწილად იგი იმეორებს იმ ტრაგიკულ ფურცელს, რაც გასული საუკუნის 90 იან წლებში გათამაშდა, როდესაც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქი და ქვეყნის დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტიც კი ბოლოს, ფაქტიურად, მარტოდმარტო აღმოჩნდა, დიდწილად საერთაშორისო მხარდაჭერის ვერ მიღების გამო. თუმცა, აქვე შევნიშნავ, რომ პარალელების გავლება და პირდაპირი მინიშნება ზვიადის დევნის და მოკვდინებასთან დაკავშირებული ისტორიასთან, რასაც მისი მომხრეები ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, არის თვისობრივად არასწორი. ზვიადი თვითშეწირვაზე მიზანდასახულად წავიდა და არც ვინმესათვის უთხოვია დახმარება. არც ზვიადის მომხრეებივით დევნის ვინმე ნაციონალებს და არც ბალტინის არმადაა შემოყვანილი!
ყველაზე დიდი მმართველი ვინც ჩვენ ოდესმე გვყოლია, დავით აღმაშენებელი იყო, და რომელმაც “გალობანი სინანულისანი” დაგვიტოვა ანდერძად, ძალაუფლების მძიმე ხვედრის და ისტორიის გასააზრებლად. არა თავისი ნაღვაწის წარმოჩენით და “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” დიდი ქართული სახელმწიფოს დატოვებით ან დიდგორის ეპოსით, რაზეც იდგა ის საქართველო და კიდევ ერთი საუკუნე არ წაგვიგია არც ერთი ომი, არამედ სინანულის წიგნით.
რაც დროზე გაითავისებს მიხეილ სააკაშვილი ამ მწარე და ობიექტურ რეალობას, მით უკეთესი ისევ მისთვის იქნება, ისტორია არც მისით იწყება და არც მთავრდება. მას მოუწევს პასუხის გაცემა ყველა იმ ბრალდებაზე რასაც პროკურატურა ედავება და ყველა ის სიმულაცია და ფეიკ კონვეიერი, რასაც მისივე გარემოცვა მხარდაჭერილი მედია პლატფორმით ათამაშებს, მის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები