„შევეცდები, პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალური წესრიგი დავამყარო“
მე დავემორჩილები კანონის უზენაესობას და ამის საფუძველზე შევეცდები, რომ პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალური წესრიგი დავამყარო, თუმცა ეს არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობის წევრების მოსმენა მიმდინარეობს.
“ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა, სადაც უფრო მეტი კეთდება დანაშაულის პრევენციისთვის და სადაც დამნაშავის ციხეში ყოფნა ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისგან დროებით იზოლირებას გულისხმობს და არა საზოგადოების შურისძიებას მასზე. დიდი ყურადღება გამახვილდება ჯანდაცვის სერვისის განვითარებაზე. მსურს, რომ უფრო მეტი გავაკეთო შეზღუდული შესაძლებლობების თავისუფლებაღკვეთილი ადამიანებისთვის. მე დავემორჩილები კანონის უზენაესობას და ამის საფუძველზე შევეცდები, რომ პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალური წესრიგი დავამყარო, თუმცა ეს არ მოხდება ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისტემა გამჭვირვალე და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული იქნება. ამ მიზნით აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
საკუთარ გეგმებზე საუბრისას მღებრიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სამინისტროში მულტიდისციპლინური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც პატიმართა რისკების შეფასებას უზრუნველყოფს.
“კარგად მაქვს გააზრებული, რომ პრაქტიკაში აღნიშნულის განხორციელება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. საკმაოდ რთული გზაა გასავლელი იმისთვის, რომ კარგი შედეგები დაიდოს, მაგრამ დასახული მიზნის მისაღწევად მაქსიმალურ გავაკეთებთ”, – განმარტა გიორგი მღებრიშვილმა.