რუდენკო: ამიერკავკასიაში გაბატონებული რეალობის გათვალისწინება საქართველოს გაუხსნის გზას ურთიერთობის გრძელვადიანი დარეგულირებისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ამიერკავკასიაში გაბატონებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინება საქართველოს გაუხსნის გზას ურთიერთობის გრძელვადიანი დარეგულირებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.
ამის შესახებ დიპლომატმა “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“რეგიონული უსაფრთხოების ოპტიმალურ სქემაზე საუბრისას, უნდა ვხელმძღვანელობდეთ მისი ფორმირების იმპერატიულობით ამიერკავკასიაში გაბატონებული გეოპოლიტიკური რეალობის საფუძველზე. ეს გზას გაუხსნის საქართველოს ურთიერთობების გრძელვადიან დარეგულირებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და გახდება მათ შორის ჭეშმარიტად კეთილმეზობლური კავშირების დამყარების გასაღები. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ მიმართულებით მუშაობა გულისხმობს – იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ თბილისის, და მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის, ასევე, დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების შემდგომი დემარკაციით. სწორედ საკითხთა ამ კომპლექს უთმობს მნიშვნელოვან ყურადღებას რუსეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში”, – თქვა დიპლომატმა.