კლინიკა „ევრომედში“ პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა – რა ბედი ელის ექიმ-კარდიოლოგს?!

კლინიკა „ევრომედში“ 68 წლის გრიშა ონიანის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პაციენტი გულის სისხლძარღვებით გამოწვეული ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარდაცვლილის შვილმა ინდირა რატიანმა მიაწოდა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა ფაქტი, რომ 68 წლის მამაკაცს გული აწუხებდა და ექიმ-კარდიოლოგმა ლანა სხილაძემ შეცდომა დაუშვა.
„ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მამაჩემს გული აწუხებდა. ექმმა ლანა სხილაძემ კი მომაკვდავი პაციენტი კლინიკაში არ მიიღო და სხვა საავადმყოფოში გადაგვამისამართა. იმ ღამით მამაჩემი საავადმყოფოს მორიგე ექიმს რომ მიეღო, იქნებ გადარჩენილიყო. მოვითხოვ, ექიმ ლანა სხილაძეს ლიცენზია ჩამოერთვას. მისმა გულგრილობამ, დაუდევრობამ, უპასუხისმგებლობამ და არაპროფესიონალიზმმა დაღუპა მამაჩემი. ლანა სხილაძეს მამაჩემი თავდაპირველად რომ მიეღო საავადმყოფოში, ის შეიძლება დღეს ცოცხალი მყოლოდა. არადა, ყველა ექიმი, ვინც კი გასინჯა მამაჩემი, ამბობდა, რომ ინფარქტის ნიშნები აქვსო. მხოლოდ ლანა სხილაძე ამბობდა, პაციენტს მუცლის არეში აქვს ტკივილებიო. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაარკვიოს, რა მოხდა და ექიმი სამედიცინო საქმიანობას ჩამოაშორონ“, – აცხადებს ინდირა რატიანი.
ინდირა რატიანმა ექიმ-კარდიოლოგ ლანა სხილაძეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივლა.
მომხდარის შესახებ „კვირამ“ სტატია 25 ივნისს გამოაქვეყნა, სათაურით: „პალატიდან მამაჩემის განწირული ბღავილი გავიგე” – რა მოხდა კლინიკა “ევრომედში”, სადაც ექიმი ლანა სხილაძე მომხდარის შესახებ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.
„არავითარ შემთხვევაში თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ, როდესაც ექსპერტიზა დადებს დასკვნას, რომ აქ იყო მიოკარდიუმის ინფარქტი, ყველაფერი გაირკვევა. ჩვენ პაციენტს, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავუკეთეთ. ასე არ არის, რომ არ გვინდოდა მისი მიღება. ინფარქტით უამრავი პაციენტი მიმიღია, რატომ არ უნდა მიმეღო, უბრალოდ ეჭვები იყო. აქ არ იყო დადასტურებული მიუკარდიუმის ინფარქტის ნიშნები“, – აცხადებდა ლანა სხილაძე.
ექსპერტიზის დასკვნამ ლანა სხილაძის მოსაზრება გააბათილა. გააგრძელებს თუ არა ექიმი-კარდიოლოგი ლანა სხილაძე სამედიცინო საქმიანობას, ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 68 წლის გრიშა რატიანი, რომელსაც გულის არეში ტკივილები აწუხებდა, კლინიკა „ევრომედში“ 2014 წლის 11 მაისს გარდაიცვალა.

იზა შაქარაშვილი

იხილეთ: kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები