ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაცმოძრაობას“ აქვს თავისი – მათი პრინციპი არის უპრინციპობა
“ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს თავისი. მათი პრინციპი არის უპრინციპობა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია პოზიციების დაახლოება თუ არა შეუძლებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული თანხმობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი პოლარიზაციის შემცირებაა.
„ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს პოლიტიკური პარტიების შეხედულებების დაახლოებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და, ზოგადად, პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები, ანუ ეს არის უპრინციპობა – მათი პრინციპი არის უპრინციპობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულია პოზიციების დაახლოება, თუ არა შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, სკეპტიციზმს, მათ შორის, პრეზიდენტის მხრიდან აქვს თავისი ლოგიკური საფუძველი, შესაბამისად, პრეზიდენტი საუბრობს არა შერიგებაზე, არამედ ეროვნულ თანხმობაზე, რაც არ ნიშნავს მაინც და მაინც პოლიტიკური პარტიების დამეგობრებას თუ შერიგებას. რაც შეეხება პროცესს, ჩვენ დავპირდით პრეზიდენტს, რომ ვიქნებოდით ძალიან კონსტრუქციული ნებისმიერ პროცესში, რომლის მიზანია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ვნახოთ, რა შედეგებით დასრულდება”, – განაცხადა კობახიძემ.